მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 17 » დავით აღმაშენებელი
7:38 AM
დავით აღმაშენებელი
დავითი, გიორგი II–სა და ელენეს ერთადერთი ვაჟი, დაიბადა 1073 წელს სატახტო ქალაქ ქუთაისში. მისი უფლისწულობა მოკლე აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, მამამისი იძულებული შეიქმნა ტახტიდან გადამდგარიყო და 16 წლის ძე გაემეფებინა. ეს ფაქტი დავითის კარგ განათლებაზე და სახელმწიფო საქმეში გათვიცნობიერებულობაზე უნდა მეტყველებდეს.
დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა. გამეფებისთანავე დაიწყო ყმა-მოლაშქრეთა და მსახურეულ აზნაურთაგან მხედართა რაზმების შექმნა. ერთგული რაზმებით მეფე თავს ესხმოდა თურქ-სელჩუკებს, ავიწროვებდა მათ, სდევნიდა და მთაში გახიზნულ მოსახლეობას ბარად ჩამოსვლის პირობებს უქმნიდა.
დავით IV ებრძოდა სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვაროვან ფეოდალებს. 1093 წელს მან გამდგარი ლიპარიტ IV ბაღვაში შეიპყრო. თუმცა მონანიების შემდეგ გაათავისუფლა და ძველი ღირსებებიც დაუტოვა, მაგრამ ხელახალი ღალატის გამო, 1094 წელს კვლავ შეიპყრო და ორი წლის პატიმრობის შემდეგ საქართველოდან გააძევა. 1103 ლიპარტის ძის რატის გარდაცვალების შემდეგ დავით IV-მ გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ბაღვაშთა მამულები სამეფო დომენად გახადა, შემდგომში ნაწილი (არგვეთი) გელათის მონასტერს გადასცა. ამავე წელს დაამარცხა სამეფო კარის მოწინააღმდეგე ფეოდალები ― ძაგან და მოდისტოს აბულეთისძეები.
საერო დიდგვარიანებთან ერთად მეფე ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე საეკლესიო ფეოდალებსაც ებრძოდა. 1103 წელს მეფის თაოსნობით მოიწვიეს რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელმაც სამეფო ხელისუფლების განმტკიცების ღონისძიებები გაატარა (უღირსი თანამდებობის პირების გადაყენება და მათ ნაცვლად მეფის ერთგულთა არჩევა, სასულიერო თანამდებობის პირთა ხელდასხმის წესის დამტკიცება, გვირგვინის კურთხევის წესის დაკანონება და სხვ.). ეს ღონისძიებანი ჩამოყალიბებულია კრების მიერ მიღებულ დოკუმენტში „ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ". სახელმწიფოს ძლიერების განმტკიცების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ჭყონდიდლისა და მწიგნობართ-უხუცესის თანამდებობების გაერთიანებას მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდლის თანამდებობის შექმნას (სავარაუდებელია 1103-04). ამ თანამდებობის პირი ერთსა და იმავე დროს მაღალი სამოქალაქო და საეკლესიო მმართველი იყო.
დავით IV-მ მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სამონეტო საქმის მოსაწესრიგებლად. მოჭრა მონეტები როგორც ქართული, ისე არაბული ზედწერილით და რამდენადმე შეცვალა მონეტის ტიპი. რეფორმის შედეგად განმტკიცდა ფულის კურსი. მის დროს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა განსაკუთრებულ სასამართლო დაწესებულებას — სააჯო კარს.
ფეოდალური ლაშქრის პრინციპზე აგებული ჯარი შინაგან ერთობას მოკლებული იყო. მტრის საბოლოო დაძლევისათვის საჭირო იყო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გარდაქმნა. დავით IV-მ ჩაატარა სამხედრო რეფორმები: ჯარი საგანგებოდ გაწვრთნა და იქ მტკიცე დისციპლინა დაამყარა, გარდაქმნა ბრძოლის ტაქტიკა. ამასთან, 1118-20 ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოიყვანა და საქართველოში (ვარაუდით ქართლში) დაასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი. მათგან მეფემ შექმნა მუდმივი ჯარი ― ორმოციათასიანი ლაშქარი, ერთგულ მოლაშქრეთაგან კი შეადგინა ხუთიათასიანი პირადი გვარდია ― „მონა-სპა".დავით IV დიდად უწყობდა ხელს ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. მან შეღავათიანი პირობები შეუქმნა ვაჭრებს, ააგო ხიდები, გზები, ააშენა ფუნდუკები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ვაჭრებს უფასოდ შეეძლოთ ღამისთევა. ამის შედეგად XII საუკუნის I მეოთხედში საქართველოში საქალაქო ცხოვრება განსაკუთრებით დაწინაურდა.
დავით IV-ის სახელთანაა დაკავშირებული გელათის ტაძრის მშენებლობა (დაუწყიათ 1106). მანვე დააარსა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა ― გელათის აკადემია. დავით IV-ის განკარგულებით ააგეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია შიომღვიმეში.
ფრესკა, გელათი
დავით IV-ის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის შესახებ ქართველი ისტორიკოსების გარდა მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან სომეხი მემატიანეები და მაჰმადიანი მწერლები. ისინი გვამცნობენ, რომ მეფეს ბიზანტიაში გაუგზავნია ახალგაზრდები ცოდნის მისაღებად; ცალკე სახლი აუგია მაჰმადიან მეცნიერთა, ფილოსოფოსთა და პოეტთათვის და თურმე ნივთიერადაც ეხმარებოდა მათ, ხანგამოშვებით კი საზეიმო დარბაზობასაც უმართავდა.
დავით IV-მ თავისი წვლილი შეიტანა ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარებაშიც. მას ეკუთვნის ორიგინალური პოეტური ნაწარმოები „გალობანი სინანულისანი", რომელიც შუა საუკუნეების ქართული კულტურის იდეოლოგიური და ესთეტიკური მრწამსის გამოხატულებაა. იგი ეძღვნება სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებულ (ეფრემ ასურის, იოსებ და თეოდორე სტუდიტეების, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივს. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა. დავით IV თავს ადარებს უმძიმესი ცოდვის ჩამდენთ და გამოთქვამს აზრს, რომ არ არსებობს დანაშაული, რომელიც მის სულს არ ამძიმებდეს. თავის ასეთ დამდაბლებაში ვლინდება ზნესრული ადამიანის მაღალი ეთიკური მრწამსი. დავით IV-ის საგალობელში შეცოდებათა შეგნებით უკვე დაძლეულია ცოდვა და ადამიანის დაცემით გამოწვეულ სევდას ახლავს ნათელი ტონები ადამიანის სრულქმნის ღრმა რწმენისა. „გალობანი სინანულისანი" ქართული ლირიკის შედევრთა რიგში შეიძლება დავაყენოთ, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე საზ. რეზონანს იძენს.
დავით IV-ის ეპოქა იყო მწვავე კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლების ხანა. ქვეყნის სიძლიერისა და ცენტრალიზაციის შენარჩუნებას მეფე შინაკლასობრივი მტრების (ცენტრალიზაციის მოწინააღმდეგე დიდგვარიანები) დათრგუნვისა და მოსახლეობის ექსპლუატაციის ხარჯზე ახერხებდა. მთელი მისი მოღვაწეობა ემსახურებოდა ფეოდალური საქართველოს გაძლიერება-ცენტრალიზაციას.
კატეგორია: საინტერესოა | ნანახია: 692 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0