მთავარი » 2012 » იანვარი » 28 » რა ვიცით ქართული მეღვინეობის შესახებ
2:07 PM
რა ვიცით ქართული მეღვინეობის შესახებ
ჩვენი წინაპრები ყურძნის მწიფობას მზის თვალს ადარებდნენ. ფოტოგრაფ ირინა აბ­ჟანდაძისთვის, ისევე როგორც უამრავი ქართველისთვის, ღვინო თხევად მზედ ასო­ცირდება, რომელიც მზის ფერითა და მხურვალებით გაჯერებული, გარდა ტკბობისა, საუკუნეების მანძილზე ჩვენთვის ერთგვარ ეროვნულ ნიშნად იქცა.

ამ კონცეფციით შექმნა ირინა აბჟანდაძემ ფოტოალბომი "თხევადი მზის ქვეყანა”, რო­მელიც XIX-XX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ერთგვარ მიმოხილვას წარმოად­გენს და ძირითადი ხაზი მეღვინეობაზე გადის.

თხრობა პორტრეტულია, XIX საუკუნის 20-იანი წლებიდან იწყება და XX საუკუნის 80-იან წლებამდე მოდის – ანუ ალექსანდრე ჭავჭავაძიდან გიორგი თუშმალიშვილამდე,

ისტორია იწყება იმ დროიდან, როცა ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე გა­ვიდა და საქართველოში ღვინის ბიზნესის განვითარება დაიწყო, რომელსაც კოლოსა­ლური წარმატება ჰქონდა.

ალბომი 33 პერსონის და მათი ოჯახების ისტორიას ასახავს, რომელთაგან თორმეტისთვის ღვინის წარმოება სერიოზული ბიზნესი იყო და რომლებიც მსოფ­ლიო მასშტაბის წარმატებებს აღწევდნენ, დანარჩენებისთვის კი ეს მყარი ოჯახური ტრადიცია გახლდათ.

მეღვინეობა, ძირითადად, თავადაზნაურთა პრეროგატივა იყო, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით იწარმოებოდა, აჭარისა და მაღალმთიანი რეგიონე­ბის გარდა.

პროექტის ავტორებმა – ირინა აბჟანდაძემ და მაკა შაფათავამ თავი მოუყარეს როგორც ფოტო, ასევე ტექსტუალურ მასალას ცნობილ მეღვინეთა შესახებ. ალბომ­ში შესულია საოჯახო ალბომებიდან ამოღებული უნიკალური ფოტოები, საარქივო დოკუმენტები და გასტრონომიული ელემენტები, რომელსაც ახლავს ირინა აბჟანდაძის თანამედროვე ფოტოგრაფია. ალბომი ორენოვანია, თან ახლავს ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე, თუმცა პროექტის ავტორებს მის კონკრე­ტულ ადრესატზე მაინდამაინც არ უფიქრია, რადგან ისტორიისადმი ინტერესი ყველა ფენისა და პროფესიის ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ. ხოლო "თხევადი მზის ქვეყანა” ის წიგნია, რომელიც, ერთი მხრივ, ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს მკითხველს და, ამავე დროს, იძლევა ინფორმაციას იმ სფეროს შესახებ, რაც ჩვენში ასე პოპულარული და, პარალელურად, უცნობია.

მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება უცნობი ისტორიული ფაქტები ციხეებისა თუ ეკლესია-მონასტრების შესახებ, ასევე ქართული ენოთეკების ისტო­რია, რომელიც, გარდა ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ წინანდალში შექმნილი ღვინის საცავისა, საქარაში, ზესტაფონის რაიონში, ვლადიმერ სტაროსელსკის მიერ დაარსებულ ენოთეკასაც მოიცავს. ეს უკინალური საცავი დღეს განადგურების პირასაა, მაგრამ იქ დღესაც არაჩვეულებრივი ღვინოებია დაცული. მკითხველისთ­ვის ასევე საინტერესო იქნება ისეთი ფაქტების გაცნობა, როგორიცაა კოტა მარჯანიშვილის მიერ ბაბუამისის, სოლომონ ჭავჭავაძის მარანში დაყენებული ღვინი­სა და არყის ისტორია, ანდა ნიკოლოზ ერისთავის მიერ არყის ფორმულის გაყიდვა, რომელზედაც დაფუძნებულია მარტინის წარმოება.

როდესაც დღეს ქართული ღვინის მომავალზე ვსაუბრობთ და მის უნუგეშო მდგომარეობაზე მივუთითებთ, ჩვენი საზოგადოებისათვის ალბათ სასიამოვნო იქნე­ბა იმის გააზრება, რა ხდებოდა თუნდაც ერთი საუკუნის წინ ამ ღვინოსთან მიმართებაში. ის, რომ "ხვანჭკარა” და ზაქარია ჯორჯაძის ღვინო ევროპულ გამოფე­ნებზე მუდმივად გრანპრით ჯილდოვდებოდა, იოანე მუხრანბატონის ცქრიალა ღვინოს პარიზსა და პეტერბურგში წარმატება ჰქონდა. საინტერესოა ვახტანგ ცი­ციშვილის კონიაკის – "ენისელის” სტალინური პრემიის ისტორიაც, რომელიც ყირიმის კონფერენციის დროს სტალინმა ჩერჩილს გაასინჯა. ინგლისის პრემი­ერს ეს სასმელი ისე მოეწონა, რომ -ალბათ ფრანგი ტექნოლოგი გყავთო, – უთქვამს.

ქართულ მეღვინეობაში არანაკლები ღვაწლი უდევთ საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს, პრინცებს თუ ჩინოსნებს. კონსტანტინე ოლდენბურგი ცნობილი იყო ცქრიალა ღვინის წარმოებით, ხოლო აშილ მიურატი – მეგრული ოჯალეშით.

ქართული მეღვინეობის ისტორიის გაცნობით ვხედავთ, რომ ეს არ იყო კარჩაკეტილი მეურნეობის პროდუქტი და არც მხოლოდ წინაპართა სადღეგრძელოს და­სალევად მზადდებოდა. პირიქით, ის აქტიურ კავშირში იყო მსოფლიო ბაზართან და იმდროინდელ ტექნოლოგიებსაც ითვისებდა. იოანე მუხრანბატონმა შემოი­ტანა ვაზის სასხლავი მაკრატელი საქართველოში, ხოლო მსოფლიო გამოფენებში მონაწილეობის მიღება მეღვინეთა მასშტაბურ აზროვნებაზე მიუთითებდა. ალ­ბომში შესულია ილია ჭავჭავაძის საქმიანი რჩევები ქართველი მევენახეებისადმი.

ალბომი გვაცნობს ისეთ პერსონებს, როგორიცაა ქართული მევენახეობის ინსტიტუტის დამაარსებელი, არაჩვეულებრივი მევენახე სოლომონ ჩოლოყაშვილი, გერმანელი კოლონისტი, კასპის რაიონის სოფელ ასურეთში ყურძნის ახალი ჯიშის დამნერგავი ოტო შალი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი და­ვით სარაჯიშვილი, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის ვაჟი – გიორგი შერვაშიძე და სხვა მრავალი წარმომადგენელი ბაგრატიონების, ჯორჯაძეების, ერისთავე­ბის, ჭავჭავაძეების, მაყაშვილების, ნაკაშიძეების, ჩოლოყაშვილების, ყიფიანების, ციციშვილების საგვარეულოდან. ზოგიერთი მათგანი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე იყო, უმეტესობა კი უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა.

"პროექტზე მუშაობისას გვყავდა არაჩვეულებრივი კონსულტანტი, მეღვინე ბონდო კალანდაძე, ხოლო მასალათა მოძიებისას ალბათ 20 ათასზე მეტი ფოტო გადა­ვიღე, რომელიც ძალიან მკაცრი სელექციით გავცხრილეთ. მოძიებული ტექსტებიდან კეთდებოდა კომპილაციები იმის მიხედვით, რაც ფართო საზოგადოებას დააინტერესებდა. ეს ალბომი წელიწადნახევრიანი მუშაობის შედეგია. ჩვენი მიზანი ქართული კულტურის ყველაზე საინტერესო წახნაგებით წარმოჩენა იყო. ამასვე ემსახურებოდა 2012 წელს მოწყობილი მასშტაბური გამოფენა "წერეთლები” და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს იდეათა ყულაბაში არაერთი მსგავსი პროექ­ტია,” – ამბობს ფოტოგრაფი ირინა აბჟანდაძე, რომელიც, პროექტის მენეჯერ მაკა შაფათავასთან ერთად, ქართველ ღვინის მწარმოებლებზე დოკუმენტური ფილ­მების გადაღებასაც გეგმავს.
კატეგორია: საინტერესოა | ნანახია: 854 | დაამატა: PamPiKa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორშ.სამშ.ოთხშ.ხუთშ.პარ.შაბ.კვ.
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ უპასუხა: 23
მინი-ჩეთი
 
500
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0